ბესიკ ლოლაძე ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბესიკ ლოლაძე ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას მან ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარების საკითხში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის შედეგებზე. მისი განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის არჩევანი და ქვეყნის ხელისუფლების ურყევი პრიორიტეტია.
ბესიკ ლოლაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა სრულად იზიარებს ნატოს პრინციპებსა და ღირებულებებს და საქართველოსთვის ევროატლანტიკური სივრცე თავისუფალი და დემოკრატიული განვითარების უალტერნატივო არეალს წარმოადგენს.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მონაწილეებს ბესიკ ლოლაძემ საქართველოს თავდაცის უწყების რეფორმები და პრიორიტეტები გააცნო. მისი განცხადებით, სამინისტრო ეფექტიანი და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების აქტიურ ფაზაშია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2016–2017 წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება, თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, შეიარაღებული ძალების განვითარება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა. ბესიკ ლოლაძემ ხაზი გაუსვა პარლამენტთან ურთიერთობისა და დემოკრატიული კონტროლის გაძლიერების საკითხს, ყურადღება გაამახვილა ადამიანური რესურსების მართვის სფეროს განვითარების, გენდერული თანასწორობის, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს კუთხით შესაბამისი პოლიტიკის გაძლიერებისა და ინსტიტუციონალიზაციის თემებზე.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2015 წელს თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის მიხედვით საქართველომ ,,D“ მაღალი რისკის ჯგუფიდან ,,C“ საშუალო რისკის ჯგუფში გადაინაცვლა, რაც გატარებული რეფორმების ეფექტიანობაზე მიუთითებს. ბესიკ ლოლაძემ ასევე დეტალურად ისაუბრა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის – ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებაზე. მისი განცხადებით, პაკეტის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა და თავდაცვის ინსტიტუციური მშენებლობის სკოლის განვითარებას.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სკოლის განვითარება დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ტრანსფორმაციასა და რეფორმირებაში, ასევე ხელს შეუწყობს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები