გიორგი კვირიკაშვილი – დიალოგის სურვილი მაქვს ყველა ადამიანთან, რომელიც პატივს სცემს ადამიანს

ჩვენ, სულ მცირე, პარტნიორები უნდა გავხდეთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვას, როგორ წარმოუდგენია სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობა.
პრემიერის და არასამთავრობოების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ასაჯაროვებს.
მათივე ინფორმაციით, პრემიერი მიიჩნევს, რომ კრიტიკა შესაძლოა იყოს ორივე მხრიდან, თუმცა ზომიერების ფარგლებში, რაც ნორმალური პროცესია.
რაც შეეხება ოპონენტებთან დიალოგის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დამკვიდრებულ პოლიტიკურ კულტურაში ბევრი რამ შესაცვლელია.
გიორგი კვირიკაშვილისთვის ოპონენტებთან ურთიერთობის დამკვიდრებული შეურაცხმყოფელი ფორმები მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარლამენტში ყოფნისას, ყველა მხარესთან კორექტულ ჩარჩოებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
“შეუძლებელია, ადამიანს ესაუბრო ეკონომიკურ რეფორმებზე, როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიან. მქონდა სურვილი, კონსტრუქციულ ჩარჩოებში შევხვედროდი მათ, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ გამოდის, რომ თავმოყვარეობა უნდა დავკარგო, დავუჯდე და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე ვესაუბრო. მეორეს მხრივ, ეს საერთოდ კომიკურიცაა, იმიტომ, რომ წინა წლებში დაახლოებით 300 ათასი კაცი გასამართლდა, აქედან 80% – ეკონომიკური დანაშაულისთვის და ახლა მოგვიწოდებენ, სასწრაფოდ გავაკეთოთ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დაანონსებული მაქვს, რომ ვაკეთებ. ძალიან სასაცილოა და სატირალიც ამავდროულად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დიალოგის დიდი სურვილი აქვს და ეკონომიკის მინისტრის რანგში არაერთხელ შეხვედრია და გაუზიარებია კიდეც ოპონენტების მოსაზრებები.
პრემიერმა არასამთავრობოებს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისაა – მმართველობის რეფორმა, რაც მოიცავს გამჭვირვალობას და ჩართულობის გაზრდას; მეწარმეობის განვითარება, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება და განათლების რეფორმა. მთავრობის მეთაურმა ასევე პრიორიტეტულად დაასახელა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება და ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები მოისმინა. განსახილველ საკითხებს შორის იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, უწყებების გამჭვირვალობა, ელექტრონული პეტიციების პორტალის ამოქმედება. მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, პრინციპულად მოსთხოვოს სამინისტროებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პრემიერი ასევე მხარს უჭერს პეტიციების სისტემის ამოქმედებასაც, რადგან მიიჩნევს, რომ თუ მოქალაქეთა კრიტიკული რაოდენობა მთავრობის მიერ რაიმე საკითხის განხილვის სურვილს გამოთქვამს, ეს ჯანსაღი და მხარდასაჭერი პროცესია.
გიორგი კვირიკაშვილი მნიშვნელოვანი კანონპროექტების და რეფორმების შემუშავების პროცესში არასამთავრობო სექტორის საწყისი ეტაპიდანვე ჩართვის მომხრეა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროკურატურისა და სასამართლო რეფორმაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, თუმცა ეს პროცესი გრძელდება და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა გაიზრდება. არასამთავრობოებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ პრემიერ-მინისტრის მზაობა დიალოგისთვის და მსგავსი შეხვედრების ფორმატი მისასალმებელია.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საარჩევნო სისტემის რეფორმა. მთავრობის გადაწყვეტილება საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა პრემიერ-მინისტრთან ერთად აღნიშნეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაზრდას, რასაც პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს. გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობოებს ამ მხრივ დახვეწილი მექანიზმების შემუშავება და მათზე ერთობლივი მსჯელობა შესთავაზა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ანტიკორუფციული პოლიტიკის, მათ შორის, სატენდერო პოლიტიკის დახვეწის საჭიროებაზე. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა შესყიდვების კანონმდებლობის და პროცედურების დახვეწა, მათ შორის ექსპერტიზის ნაწილში. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეკონომიკური გუნდი ამ თემაზე უკვე მუშაობს და არასამთავრობოებს განსახილველად უახლოეს პერიოდში შესთავაზებს.
მთავრობის მეთაურმა პრიორიტეტულად დაასახელა რეგიონებში ევროკავშირთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება, რასთან დაკავშირებითაც არასამთავრობოებმა მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. სამოქალაქო სექტორი მზად არის, ჩაერთოს ევროინტეგრაციის თემაზე ცნობიერების ამაღლებაში – მათ შორის იმ წვლილის წარმოჩენაში, რაც ევროკავშირს ქვეყნის განვითარებაში შეაქვს.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შშმ პირთა საჭიროებების უზრუნველყოფის მიმართულებით იდგმება და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტია გადასასვლელების, ტროტუარიდან ჩამოსასვლელების ადაპტირება, ღია ლიფტების დამონტაჟება ქუჩაზე გადასასვლელ კიბეებზე და ამ მიმართულებით მკვეთრი აქცენტი გაკეთდება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ პროცესში ძალიან დიდია არასამთავრობო სექტორის როლი, რომელსაც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშესაწყობად ბევრის გაკეთება შეუძლია.
პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობოებს ასევე გააცნო მთავრობის ხედვა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ყველაზე სწრაფი საშუალებაა ვიზიტორების შემოსვლის ზრდა, რაც ასევე სავალუტო სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. პრემიერის ინფორმაციით, ამისთვის მიმდინარეობს მუშაობა ტურისტულად საინტერესო ბაზრებიდან ტურისტების შემოსვლის გაიოლების და საქართველოში მათთვის მიმზიდველი გარემოს შექმნის მიმართულებით. თუმცა, მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში არ უნდა ჩაერიოს იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავრობა მუშაობს ეკონომიკურ ზრდას წახალისების ზომებზე, მათ შორის არის საგადასახადო რეფორმა, ადმინისტრირების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის ტემპის დაჩქარება.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ცალკეულ შემთხვევებს. მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს ტრადიციულ რელიგიურ მრავალფეროვნებას და ეს საამაყო საკითხი უნდა იყოს.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს კონფლიქტისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობაში არასამთავრობოების დახმარების მნიშვნელობაზე. იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო სექტორს ამ პროცესსა და ევროკავშირზე ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობებისთვის იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის გამოყენება შესთავაზა.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს შრომითი უფლებების დაცვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის ხელშეწყობაზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, ე.წ საზღვრისპირა ზონის მოსახლეობის პრობლემებსა და შერიგების პროცესზე, სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, ახალგაზრდულ პოლიტიკასა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობაზე.
დღეს პრემიერ-მინისტრის და არასამთავრობოების პირველი შეხვედრა გაიმართა. მთავრობის მეთაური სამოქალაქო სექტორთან დიალოგის ფორმატის გაგრძელებას გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა იყოს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები