გიორგი კვირიკაშვილი: ქართველ და უცხოელ პროდიუსერებს საშუალება ექნებათ, კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით ისარგებლონ
„გადაიღე საქართველოში“ – დღეიდან პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა. კონოინდუსტრიის წახალისების პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
„ჩვენი მიზანია, მთელი სახელმწიფო აპარატი მოიმართოს იმგვარად, რომ კინოგადაღებას მაქსიმალურად კოორდინირებულად შეეწყოს ხელი.
ქართველ და უცხოელ პროდიუსერებს ექნებათ საშუალება, ისარგებლონ კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს. საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, გამოიყენონ მთავრობის მიერ შეთავაზებული სქემა, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისთვის დაბრუნებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებენ როგორც უცხოელი კინოს მწარმოებლები, ისე ქართველი კინემატოგრაფისტები.