დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კიდევ ერთხელ ეხმაურება Youtube- ში გავრცელებულ ვიდორგოლთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟს.
საუბარია ვიდეორგოლზე წარწერით: “სომხური საქორწილო ცეკვა, გევორქიანის ცეკვის აკადემია, აშშ”. ვიდეოზე აკადემიის სოლისტები, ვართან და სირანუშ გევორქიანები ქართულ “დაისს” ასრულებენ.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აღნიშნული ვიდეო 22 იანვარს, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი წუხილს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ვიდეო აპარატის ფეისბუქის გვერდზე ანსამბლის ხელმძღვანელის ვართან გევორქიანის განმარტებამდე განთავსდა.
„რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, Youtube-ის ვიდეორგოლი გავრცელდა შემდეგი სათაურით: “სომხური საქორწილო ცეკვა, გევორქიანის ცეკვის აკადემია, აშშ”. ვიდეოზე აკადემიის სოლისტები, ვართან და სირანუშ გევორქიანები ქართულ “დაისს” ასრულებენ. ვიდეომ ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის – ქართულ დიასპორაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, აღნიშნული ვიდეო 22 იანვარს, ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გააზიარა.
მოგვიანებით ანსამბლის ხელმძღვანელმა, ვართან გევორქიანმა შექმნილ ვითარებას ვრცელი წერილით უპასუხა. წერილს საქართველოში მშვიდობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თუმასიანი ავრცელებს. ბატონი გევორქიანი შექმნილ სიტუაციას გაუგებრობას უწოდებს და განმარტავს, რომ ვიდეოს ატვირთვა მათი თანხმობის და ინფორმირების გარეშე მოხდა, და რომ YouTube-ზე “MENQ meroncov” ექაუნთის მიერ ატვირთულ ვიდეოსთან არანაირი ფაქტობრივი ან იურიდიული კავშირი არ გააჩნიათ. ბატონი გევორქიანი დასძენს, რომ მას და მის ანსამბლს არ ჰქონია ქართული კულტურის ნაწილის სომხურად წარმოჩინების სურვილი და ბოდიშს უხდის ქართველ ხალხს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი წუხილს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ვიდეო აპარატის ფეისბუქის გვერდზე ბატონი გევორქიანის განმარტებამდე დაიდო და სრულიად იზიარებს ბატონი გევორქიანის სულისკვეთებას ყოველი ერის კულტურული თვითმყოფადობის დაცვის თაობაზე“, – აღნიშნულია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.