ბეჟან გუნავა: მე ვხედავ, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მე ვხედავ, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარესთან, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს “თავისუფალი საქართველოს” წევრმა ბეჟან გუნავამ განუცხადა.
გუნავა იმედოვნებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კვირიკაშვილის მეთაურობით, გარკვეული კონსენსუსი შედგება.
“მე ვხედავ, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კვირიკაშვილის მეთაურობით, გარკვეული კონსენსუსი შედგება. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი არასაპარლამენტო ოპოზიციასა და მთავრობას შორის და მე ვარ აბსოლუტურად პოზიტიური განწყობით გამოსული ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრიდან.
იყო საუბარი არასაუწყებო კომისიასთან დაკავშირებით, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. იყო წინადადება მამუკა კაციტაძის მხრიდან, რომ იქნებ ეს გადასულიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ქალბატონი მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდან იყო წინადადება, რომ ეს მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოვიდეს. იყო მთელი რიგი სხვა საკითხი. არ იყო ეს შეხვედრა შეხვედრისთვის, იყო სერიოზული საუბრები და სერიოზული განწყობა პრემიერის მხრიდან თანამშრომლობასთან დაკავშირებით”,-განაცხადა ბეჟან გუნავამ.
პრემიერ-მინისტრთან არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა.