შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ დიდთოვლობასთან დაკავშირებით, ბათუმი-ქობულეთის უღელტეხილზე დაწესებულია შეზღუდვა გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, კერძოდ, დიდი სატვირთო ავტომანქანებისთვის, – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მობილიზებულნი არიან და 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ გზებსა და მაგისტრალებზე.
მათივე ინფორმაციით, მიუხედავად უხვი ნალექისა, სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ გურიის მაღალმთიან რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, რაიონულ ცენტრს არცერთი სოფელი მოწყვეტილი არ არის. სოფლებთან საავტომობილო გზით დაკავშირება შესაძლებელია.
“აჭარის მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები ამ დროისთვის გახსნილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. დიდთოვლობის გამო არცერთი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები გასული ღამის განმავლობაში აჭარაში 72 გამოძახებაზე გავიდნენ, სადაც ოპერატიულად აღმოუჩინეს დახმარება ყინულზე მოცურებული ავტომანქანების მძღოლებს და ისინი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მეორე დღეა გურიაში ინტენსიურად თოვს. მიუხედავად უხვი ნალექისა, სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. სამტრედია-ჩოხატაურის საგზაო მონაკვეთზე კი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია. საჯავახოს უღელტეხილის შესასვლელთან ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და ჩოხატაურის მიმართულებით მხოლოდ იმ ავტომანქანებს ატარებს, რომელიც ტექნიკურად გამართულია და თოვლში უსაფრთხოდ მოძრაობა შეუძლია”,- აღნიშნულია განცხადებაში.