სოზარ სუბარი სპეცუბნებზე: მიკვირს ასეთი პროტესტი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან
გარდაბანში სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯარისკაცს აქვს ხმის უფლება, მაგრამ ის, რომ დავშალოთ სამხედრო ნაწილი და ერთი დღით ყველა ჯარისკაცი გავუშვათ თავის სახლში, ეს ვერ მოხდება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. სუბარმა არასამთავრობოების პროტესტის გამო გაკვირვება გამოხატა. “მიკვირს ასეთი პროტესტები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც მაგალითად, წლების მანძილზე იბრძოდნენ იმისთვის, რომ პატიმრების ნაწილს ჰქონოდათ ხმის მიცემის უფლება და ახლა როგორ წარმოუდგენიათ, რომ გავუშვათ არჩევნების დღეს ის პატიმრები, რომლებმაც მიიღეს ეს უფლება მათი ლობირებით.
ჯარისკაცს აქვს ხმის უფლება, მაგრამ ის, რომ დავშალოთ სამხედრო ნაწილი და ერთი დღით ყველა ჯარისკაცი გავუშვათ თავის სახლში, ეს ვერ მოხდება. ასე რომ, კანონის უზენაესობა ამ შემთხვევაში არის დაცული“ – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გარდაბანში სპეცუბნების გაუქმების მოთხოვნით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია გამართა.