არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ, რომელთა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი 28 იანვარს ხმას სპეციალურ უბანზე მისცემს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მათ შეკითხვებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უპასუხეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს მოგვიანებით I საარტილერიო ბაზისა და IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერებინეს და ჯარისკაცის ულუფითაც გაუმასპინძლდნენ.

„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ არსებულ მდგომარეობას. ჩვენი შეთავაზება ბევრმა ორგანიზაციამ მიიღო. სამწუხაროდ, ორგანიზაციების ნაწილი მას არ დასთანხმდა და კანონმდებლობაში ცვლილებების საკითხი დასვა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროდან ორი დღის წინ გაიგზავნა კანონპროექტი, რომელიც შემუშავდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნილი ჯგუფის მიერ – იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, სხვა უწყებათა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ კანონპროექტის საშუალებით ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. ერთი მხრივ, სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ საშუალება, განახორციელონ საარჩევნო უფლების რეალიზაცია ახლომდებარე საარჩევნო უბნებზე და, მეორე მხრივ, სამხედრო ნაწილებსა თუ სხვა ქვედანაყოფებში აღარ შეიქმნება სპეციალური საარჩევნო უბნები“,- განაცხადა არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ ბესიკ ლოლაძემ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დისლოცირებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდი და მრავალრიცხოვანი სამხედრო ქვედანაყოფები. სპეციალური საარჩევნო უბანი შექმნილია I საარტილერიო ბრიგადაში, ხოლო, ალგეთში დისლოცირებული „ეროვნულ სასწავლო ცენტრს კრწანისისა“ და ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები ხმას ახლომდებარე საარჩევნო უბანზე მისცემენ.

აღნიშნული ქვედანაყოფების მეთაურების მიერ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, სპეციალურ საარჩევნო სიებში შეყვანილნი არიან შემდეგი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეები: 1. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც არჩევნების დღისთვის მუდმივად არიან დისლოცირებულები 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით; 2. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დისლოცირებულნი არიან 1 წელზე ნაკლები ვადით, მაგრამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს წარმოადგენენ, რეგისტრირებულები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

სპეციალური საარჩევნო უბანი გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ შექმნა. საარჩევნო უბნების შექმნა ან ამ პროცესში მონაწილეობა არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას. სამინისტროს მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი არჩევნების გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას, ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები