ეკა ბესელია: პროკურორ ალექსანდრე გოგუაძეს არავითარი ბიზნესი არ აქვს

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურორ ალექსანდრე გოგუაძეს, რომელსაც ფოთში ცეცხლი გაუხსნეს, არავითარი ბიზნესი არ აქვს.
ბესელია იმედოვნებს, რომ პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს დანაშაული გახსნას.
“ფოთის პროკურორზე თავდასხმა სახიფათო და მძიმე დანაშაულია. ეს უდავოდ ნიშნავს იმას, რომ ეს არ იყო მხოლოდ პერსონალური შეტევა. ეს მთელი ინსტიტუციისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა მთელი ძალების მობილიზებით ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს დანაშაული გახსნას. ამ დროისთვის, კონკრეტული ვერსია არ სახელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები იქნებიან დაკავებულები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, პროკურორს ბევრი საქმე აქვს გამოძიებული და გახსნილი.
“მას არავითარი ბიზნესი არ აქვს. პროკურორს ბევრი პრინციპული და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გამოძიებული და გახსნილი. ბევრი შემთხვევა იყო მისი გამოძიების ქვეშ. დარწმუნებული ვარ, მთავარ კითხვას, ვინ ჩაიდინა და რატომ მოხდა დანაშაული, მოკლე დროში გაეცემა პასუხი”, – განაცხადა ბესელიამ.
ფოთის პროკურორს ალექსანდრე გოგუაძეს, რომელიც გრიგოლეთში, საკუთარ სახლში მიდიოდა, 14 იანვარს აკაკის ქუჩაზე ცეცხლი გაუხსნეს. პროკურორი არ დაშავებულა, თუმცა ავტომობილს, რომელსაც თავად მართავდა, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრე გოგუაძეს ბიზნესი აქვს.
მომხდარს ერთობლივად იძიებს სამეგრელო-ზემო სვანეთის და მთავარი პროკურატურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები