ნინო გვენეტაძემ მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით რეგიონის სასამართლოებში შეხვედრები გამართა

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით რეგიონის სასამართლოებში სამუშაო შეხვედრები გამართა.
ნინო გვენეტაძემ ოზურგეთისა და ზუგდიდის რაიონულ, ბათუმისა და ფოთის საქალაქო სასამართლოებში სამუშაო შეხვედრები გამართა, სადაც, მოსამართლეებთან ერთად, განიხილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის “გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის” ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები, დაათვალიერა სასამართლო შენობები და მოწმეთა დაკითხვისათვის განკუთვნილი ოთახები, ასევე, იქ არსებული ინფრასტრუქტურა.
ასეთივე შეხვედრები უკვე გაიმართა რუსთავის საქალაქო, მარნეულის მაგისტრატ და მცხეთისა და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში. უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა სასამართლოების დათვალიერება და ყველა იმ საკითხების ადგილზე შესწავლა, რაც უკავშირდება გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის ამოქმედებას.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, გვენეტაძემ უშუალოდ მოსამართლეებისგან მოისმინა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომელიც შეეხებოდა როგორც სამართლებრივ, ასევე ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ასპექტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები