„მიშა მესხი უკრაინაში საქართველოს საკონსულოს დახმარებით გადარჩა“
კიევის ბორისპოლის აეროპორტში ინციდეტი, რა დროსაც, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო, მიშა მესხმა გონება დაკარგა, 3 კვირის წინ, ახალი წლის დღეებში მოხდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიშა მესხი და მისი მეგობარი, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს დახმარებით, უკრაინელმა ექიმებმა გადაარჩინეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლების ძალისხმევითა და ფინანსური დახმარებით, საქართველოს ორ მოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
მკურნალობის შემდეგ კი, მიშა მესხი და მისი მეგობარი უკრაინიდან საქართველოში გამოემგზავრნენ. „კვირას“ ინფორმაციით, მიშა მესხი 7 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა და შობის ღამეს იქ შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში “ესპრესო ტვ”-მ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ტაქსის წინა სავარძელზე გადაწოლილი მიშა მესხი, ხოლო უკანა სავარძელზე – მისი მეგობარი, რომლებიც ნიშადურის სპირტიანი ბამბის ნესტოებთან მიტანაზეც არ რეაგირებენ. კადრების მიხედვით, მიშა მესხის გონზე მოსაყვანად მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის განცხადებით, ორივე მგზავრი მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იყო, ხოლო მათ თან ჰქონდათ აბები და სხვა საშუალებები, რომლებიც შესაძლოა, ნარკოტიკების ჯგუფს ეკუთვნოდეს.