საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს
თოვის, ძლიერი ყინვის და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გარდა, სხვა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: გუდაური-კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების კიდევ 2 მონაკვეთზე: თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.