ნარი გეგეშიძე: ბესიკ კახაბრიშვილი როგორ შეიძლება იყოს გამგებელი? ოჯახი ულუკმაპუროდ დაგვტოვა!

გამგებლობის კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ კახაბრიშვილს მოქალაქე ნარი გეგეშიძე თაღლითობაში სდებს ბრალს. ნარი გეგეშიძე „რეპორტიორთან” საუბარში ამბობს, რომ ბესიკ კახაბრიშვილი იმ თაღლითური სქემის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, რის შედეგადაც გეგეშიძის ოჯახი უბინაოდ დარჩა. ნარი გეგეშიძე ყვება, რომ ვაზიანში მდებარე ბლოკის საამქრო, რომელიც მისმა ოჯახმა საკუთარი ხელებით ააშენა, კახაბრიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად წაართვა, გადაიფორმა და გაქურდა:
„ბესიკ კახაბრიშვილმა ჩვენი ოჯახის ხელით შექმნილი ქონება წაგვართვა და გაანიავა! ახლა გამგებლის თანამდებობაზე იყრის კენჭს. კეთილი ინებოს, მოვიდეს და დამელაპარაკოს – რას აპირებს?! საქმე პროკურატურაშია! მან გაძარცვა ჩვენი ქონება. საამქროდან რკინის ნაკეთობები წაიღო, გაქურდა, გაანიავა. არ გავჩერდები, ვიტყვი ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება. პასუხს ვაგებინებ ამ დამნაშავეებს.
სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების გარდაბნის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა შოთა დიდებაშვილმა, მექრთამე და ორჯერ ნასამართლევმა, ჩვენი ქონება გადაუფორმა კახაბრიშვილს, ხოლო კახაბრიშვილმა – ვასილ თურქიშვილს. დაიტაცეს ყველაფერი, რაც კი იყო ჩვენი ოჯახის კუთვნილ საამქროში! თუ უნდა, მის საქმეში არ ჩავერიო, მოვიდეს, დამელაპარაკოს, დააბრუნოს წართმეული ქონება!
კახაბრიშვილმა პირადად ამოიყვანა მუშები და დაშალა-გაყიდა იქაურობა. კახაბრიშვილი არის თაღლითი! სოფელ სააკაძეში მან ქარხანა გაქურდა, ეს დაფიქსირებულია. ცუდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის როგორ შეიძლება იყოს გამგებელი? ულუკმაპუროდ დაგვტოვა! მოვიდეს და ამ ყველაფერზე დამელაპარაკოს, გამცეს პასუხი!”, – ამბობს გეგეშიძე. კითხვაზე – რას წარმოადგენდა ბესიკ კახაბრიშვილი იმ დროს, როცა ქონება ამ ჯგუფმა გადაიფორმა, ვისზეც საუბრობს- გეგეშიძე პასუხობს:
„არაფერს წარმოადგენდა. ეგ იყო ერთი თავზეხელაღებული ადამიანი. წამართვეს და სხვის სახელზე გადააფორმეს! ჰკითხეთ კახაბრიშვილს, როგორ წამართვა. არ იცით, როგორ ართმევდნენ ქონებას მოქალაქეებს?”, – აცხადებს გეგეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები