“გოჩა მაღალდაძე 2007 წელს ბიძინა კუჭავამ მოკლა, ან კუჭავას დაკვეთით მოკლეს”
კრიმინალური პოლიციის ყოფილი დირექტორი ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ გოჩა მაღალდაძე 2007 წელს ბიძინა კუჭავამ მოკლა, ან კუჭავას დაკვეთით მოკლეს.
როგორც ფირცხალავამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სხდომის გადადებამდე განაცხადა, მაღალდაძე მოკლულია სპეციფიკური იარაღით, რომელიც აჭარიდან გადაიტანეს 2004 წელს მოდულში.
მისი თქმით, ამ იარაღს, რომელიც რუსული წარმოების არის, ერთი ცალი აკლდა, რომელიც, ფირცხალავას თქმით, სოდ-ის მაშინდელმა წარმომადგენელმა კახა მისირელმა კუჭავას მიჰყიდა.
“ეს იარაღი არის სპეციფიკური, „თთშ“ ტიპის, რომელიც გრუ-ს გააჩნია. აჭარის რევოლუციის დროს იარაღის გარკვეული რაოდენობა, 2004 წელს, გადმოიტანეს “მოდულის” შენობაში და ინახებოდა საცავში. აღმოჩნდა, რომ მას ერთი ერთეული აკლდა. ამ პერიოდში კი, როგორც ვიცი, კახა მისირელმა წააგო კუჭავას კაზინოში და ვალის სანაცვლოდ მისირელმა ეს იარაღი მისცა კუჭავას”, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
იგი მზად არის, პროკურორებს ჩვენება მისცეს 2007 წელს მომხდარი მკვლელობის ირგვლივ. ფირცხალავამ 2009 წელს გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობის ფაქტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაღალდაძის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ ნინუებიც ზუსტად იგივე იარაღით არიან მოკლულნი, რითაც გოჩა მაღალდაძე, რომელიც, მისი თქმით, იმ პერიოდში ცნობილ მოთამაშედ ითვლებოდა. მისივე თქმით, თამაზ გოგია, რომელიც, ნინუების მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდის, უდანაშაულოა. ფირცხალავა მზად არის, პროკურორებს აღნიშნული საქმის ირგვლივაც მისცეს ჩვენება.