კახა კალაძე: საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით რუსეთზეა დამოკიდებული
“თუ რუსეთი სომხეთს ირანიდან მიაწვდის ბუნებრივ აირს, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება”, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით რუსეთზეა დამოკიდებული.
“რუსეთს რეალურად აქვს შესაძლებლობა, სომხეთს ბუნებრივი აირი ირანიდან მიაწოდოს. დღესაც აწვდის, თუმცა, არა მთლიანი მოცულობებით. გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სომხეთის ბაზარი ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. უნდა გავითვალისწინოთ, ასევე გარკვეულწილად, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოკიდებული ვართ რუსეთზე, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. რეგიონში არსებული ქვეყნებიდან, ყველაზე საუკეთესო ფასი არის დადებული ელექტროენერგიაზე რუსეთიდან”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ნებისმიერ კომპანიას აქვს უფლება, ბუნებრივი აირის შემოტანაზე “სოკარს”, ან თუნდაც “გაზპრომს” დაელაპარაკოს და სადაც უკეთეს ფასს მიიღებს, იქიდან შემოიტანოს ბუნებრივი აირი.
მინისტრის მტკიცებით, ამაში სახელმწიფო არ ერევა.
„რაც შეეხება რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებას, არ ვიცი, ამას გინდ ულტიმატუმი, გინდ მოთხოვნა დაარქვით, საუბარი მიმდინარეობს, რომ მოხდეს გატარებული ბუნებრივი აირის თანხობრივი ანაზაღურება. ჩვენ, ქართულ მხარეს, გვაქვს სურვილი და გვინდა მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის სახით და ასევე, გვინდა, გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენის მოთხოვნაც იქნება ბაზარზე და ამაზე არ უნდა ვიყოთ შეზღუდულები”, – დასძინა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, “გაზპრომის” წარმომადგენლებთან მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.