„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ზუსტად აღიქვას სარგებელი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება“
მნიშვნელოვანია, რომ ის სარგებელი ზუსტად იყოს აღქმული საზოგადოების მხრიდან, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკავშირდება, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული კამპანია გრძელდება.
“მნიშვნელოვანია, რომ ის სარგებელი ზუსტად იყოს აღქმული საზოგადოების მხრიდან, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკავშირდება. განსაკუთრებით ის ტექნიკური დეტალები, რომელიც მომავალში არ უნდა აფერხებდეს მათ თავისუფალ გადაადგილებას არსებული დოკუმენტისა და არსებული შეთანხმების პირობებში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც მისი უწყების ინიციატივით დაიწყო. ფილმი ეხება იმის შეფასებას, თუ როგორ ეხმარებოდა ევროკავშირი წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროექტებს.
“მათი ხილვადობა არ არის იმდენად მაღალი, განსაკუთრებით მათ მიერ განხორციელებული პროექტების კონტექსტში. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია იმ პროექტების თავმოყრა, რასაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ახორციელებდა ევროკავშირი საქართველოში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.