რამდენით და რატომ ძვირდება ხორცი?

– რამდენით და რატომ ძვირდება ხორცი? -ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში “ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარესთან, გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ბურჯანაძე აცხადებს, რომ “ჰასპის“ პროგრამის ამუშავებით მომხმარებლებსა და ბიზნესოპერატორებს პრობლემები შეექმნათ.
“ახლო წარსულში “ქრონიკისთან“ ინტერვიუში ვსაუბრობდით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს “ჰასპის“ პროგრამა უნდა აემუშავებინა.
აღნიშნულის შესახებ ვამბობდით, რომ ის გარკვეულ პრობლემებს შეუქმნიდა როგორც მოსახლეობას,ასევე ბიზნესოპერატორებს. აღნიშნული პროგრამა პირველი იანვრიდან ამუშავდა. კონკრეტულ პრობლემას წარმოადგენს ბოინები (სასაკლაოები). აღნიშნული რამ პრობლემას, დისკომფორტს უქმნის, პირველ რიგში, ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ამხელა მანძილიდან ეზიდებიან ხორცპროდუქტებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც არის ამდენი ბოინი, მათივე სურვილის მიხედვით გახსნან, რომელიც მოესურვებათ, რომ თბილისში მომუშავე ბიზნესოპერატორებმა აქვე, თბილისში, შეძლონ სუპერმარკეტების, აგრარული ბაზრების მომარაგება.
ეს მანძილი ქმნის პრობლემას იმ მხრივაც, რომ მეწარმე იძულებული ხდება, ფორსმაჟორულ მდგომარეობაში იმუშაოს. მათაც აქვთ გარკვეული ვალდებულებები სუპერმარკეტებთან და გარკვეულ ვადებში უნდა მოამარაგონ კონკრეტული შპს-ები. როდესაც საცობია აღნიშნულ სასაკლაოზე და ბიზნესოპერატორები ერთმანეთს თავზე ახტებიან – არა ჩემი დაკალი და არა ჩემიო, ეს პრობლემას ქმნის ვალდებულებებში, რაც მერე ფინანსურ სანქციებში აისახება.
ეს სამეწარმეო საქმიანობის განვითარება კი არა, ხელშეშლა და ისეთი პრობლემების შექმნაა, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. შედეგად მივიღებთ 20-35%-მდე ფასნამატს.
მოვუწოდებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მოგვისმინოს და გაითვალისწინოს ის პრობლემები, რაც ჩვენს თვალთახედვაში ხვდება და რაზეც გესაუბრებით. რატომღაც ვერ ხედავენ დამოუკიდებლად და ალბათ არც უნდათ ამის ყურება. გვინდა, რომ უწყებას ვუთხრათ შესაბამისი რამ – ის სარეკომენდაციო სახეები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მისცა ბიზნესოპერატორებს, ჰასპის სტანდრატთან მიმართებაში უკვე შესრულებული აქვთ და ნუ ელოდებიან სარეკომენდაციო ვადის გასვლას. მისცენ მუშაობის უფლება და ეს დიდწილად მოაგვარებს პრობლემებს. შედეგად, მე, როგორც მომხმარებელი და თქვენ, როგორც სუპერმარკეტის ადმინისტრაცია, დაზღვეულნი ვიქნებით, რომ დახლზე დროულად გვექნება ხარისხიანი პროდუქტი“,-აცხადებს ბურჯანაძე.
აღნიშნულ თემაზე ამავე გამოცემასთან განმარტებას აკეთებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძე:
“საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით არსებობს ასეთი ვალდებულება, რომ პირს, რომელიც ახორციელებს ცხოველის დაკვლას, ასევე ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს ცხოველის დაკვლის შემდეგ მიღებული ნედლეულის გადამუშავებას, აქვს ვალდებულება, დაემორჩილოს გარკვეულ ნორმებს. ჰასპის დანერგვა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის მოთხოვნილი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქციის მიტანას მომხმარებლამდე. ასევე ჰასპი არის საშუალება, რომელსაც გავყავართ საერთაშორისო ბაზარზე. დღეს ხდება ამ სისტემის ეფექტიანობის შემოწმება და სადაც საწარმო წესების დაცვით მოქმდებს, იქ არანაირი პრობლემა აღარ არის, რაც შეეხება სარეკომენდაციო ვადებს – ყველა საწარმო მუშაობს, ვისაც რეკომენდაციები ჰქონდათ მიცემული, არცერთ ასეთ საწარმოს საწარმოო პროცესი არ შეჩერებია. ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ საწარმოო პროცესს“,- აცხადებს კახა სოხაძე.
წყარო: “კვირის ქრონიკა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები