ეკა ბესელია ელისაშვილის წინააღმდეგ პატიმრების წერილის გამოქვეყნებას აანონსებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ხვალ პატიმრების რამდენიმე წერილი გამოქვეყნდება, სადაც ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტებზეა საუბარი.
როგორც ეკა ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერილები ეხება შეწყალების კომისიის უსამართლო საქმიანობას.
“მე გადავწყვიტე, რომ ხვალიდან ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება პატიმრების რამდენიმე წერილი, სადაც ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ფაქტებზეა საუბარი. ისინი ეხება შეწყალების კომისიის უსამართლო საქმიანობას, ამ წერილებს გამოვაქვეყნებთ და ყველა დააკვირდება, რამდენად დიდია პროტესტი პატიმრების მხრიდან შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების მიმართ. საქმე ეხება პირად საკითხებს, როგორ უსამართლოდ იღებს გადაწყვეტილებას ეს კომისია, ყვებიან საკუთარ ისტორიებს და ა.შ. ამ წერილებს გავასაჯაროებ, რომ არ ჩათვალოს ბატონმა ქორიძემ, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილები არის ზეწოლის მატარებელი, ყველა გაეცნობა, რატომ ვგზავნით წერილებს იმ კომისიაში. დაახლოებით, 34 ათასი წერილი და საჩივარი გვაქვს განხილული. ყველა რეკორდი მოვხსენით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ,
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებითაც არის წერილები და არის ბევრი ეჭვი, რომ ის თავად არის კორუფციულ სქემებში ჩართული.
“ელისაშვილთან დაკავშირებითაც არის წერილები. მათ შორის არის ისიც, რომ ვიღაცის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრებმა მიიჩნიეს უსამართლოდ, მათ შორის ისიც, რომ მათ მიმართ გადაწყვეტილება მიიღეს უსამართლოდ და ა.შ. საზოგადოებამ შეაფასოს, როგორ მუშაობს ეს კომისია. ელისაშვილის მიმართ სხვა ეჭვებიც არსებობს, მისი სტანდარტით ვერ ვიმოქმედებ, უაპელაციო ბრალდებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ არის ბევრი ეჭვი, რომ ის თავად არის კორუფციულ სქემებში ჩართული, ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან ჩვენ გვაქვს მოწოდებული და შესაბამის უწყებებსაც აქვს”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ და არ გამორიცხა, რომ ელისაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები