„რესპუბლიკური პარტია“ ურთიერთობების გაგრძელებას კოალიციურ ფორმატში გეგმავს
“რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე კოალიციურ რეჟიმში იქნება წარდგენილი“,- ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა, თუმცა, კორძაიას განცხადებით, მმართველ გუნდში, კოალიციური ურთიერთობების პირობები ამ დრომდე განსაზღვრული არ არის და ამის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
„ჯერ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ რა შემადგენლობით წარდგება კოალიცია 2016 წლის არჩევნებზე, არ დაწყებულა, თუმცა „რესპუბლიკელები“ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და წინასწარ განისაზღვროს პირობები კოალიციური ურთიერთობების პირობებში. „რესპუბლიკური პარტია“ გეგმავს კოალიციურ ფორმატში ურთიერთობების გაგრძელებას. ჩვენი პარტია კოალიციურ ფარგლებშიც წარდგება ახალი სიტყვით, ახალი სახეებით, რომელიც, პირველ რიგში, არის ახალი თაობის ლიდერი, ამ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
რაც შეეხება გია ჟორჟოლიანის პარტია „სოციალ-დემოკრატების“ კოალიციასთან შეერთების სურვილს, კორძაიას თქმით, პარტიისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა, ეს არის შანსი და ამის გამო დეპუტატს მათი სურვილი არ უკვირს, თუმცა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ახალი წევრის კოალიციაში გაჩენა ეს კოალიცის გადაწყვეტილება უნდა იყოს.