ცხინვალში პროდუქტების დეფიციტი შეინიშნება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში პროდუქტების დეფიციტი შეინიშნება, საქმე ისაა, რომ რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მეწარმეებს მეექვსე დღეა საქონელი ვერ გადააქვთ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. საკვები პროდუქტებით დატვირთული მანქანები უკვე მეექვსე დღეა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ზარამაგზეა“ გაჩერებული. რუსი მებაჟეები საქონელს იმ მიზეზით არ ატარებენ, რომ შესაბამისი საბუთები არ არის გაფორმებული. დაყოვნების გამო რძის ნაწარმის ნაწილი უკვე გაფუჭდა, ნაწილი კი შეიძლება ძალზე მალე უვარგისი გახდეს.
ანალოგიური პრობლემები საზღვარზე 2013 და 2014 წლებში იქმნებოდა. ცხინვალელი ბიზნესმენები ამბობენ, რომ ყველა აუცილებელი საბუთის, სერტიფიკატის და ცნობის შეგროვება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ნამდვილი თავსატეხია“. ამიტომაც სურსათი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხშირად მსუბუქი მანქანებით შეაქვთ, როგორც „პირადი მოხმარებისთვის“. ასე კი დიდი პარტიის გადატანა შეუძლებელია. როგორც ცხინვალის მოსახლეობამ სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა, ქალაქში, ძირითადად, კვერცხის და რძის ნაწარმის დეფიციტი შეინიშნება. როდის გადაწყდება ეს პრობლემა, ზუსტად არავინ იცის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები