ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებმა“ საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით, 2 პირი ცხინვალის რაიონის სოფელ ფრისის მიდამოებში დააკავეს.
დაკავებულები გორის რაიონის სოფელ ბერშუეთისა და თბილისის მაცხოვრებლები არიან. მათი ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველები 19 და 40 წლის ასაკის არიან.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. კაგებე-ს ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულების საბუთები, სასამართლოსთვის გადასაცემად მზადდება. გატაცებულ ქართველებს, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
„კაგებე“-ს ცნობით, 2015 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევისთვის 265 ადამიანი იყო დაკავებული.