ოკუპირებული აფხაზეთი თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ ხელი მოაწერა განკარგულებას თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთების შესახებ. შესაბამის სამსახურებს მან რიგი ღონისძიების შემუშავება დაავალა გარკვეული კატეგორიის იმპორტული საქონლის აკრძალვისთვის, რომლებიც თურქეთშია წარმოებული. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს თურქულ ფირმებთან ყველანაირი კონტრაქტის გაუქმება დაევალა. ასევე ოკუპირებულ რეგიონში თურქეთის არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობაც აიკრძალება. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ეს ღონისძიებები მიღებულია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ სამეკავშირეო ხელშეკრულების ფარგლებში.