„ჩვენმა პარლამენტმა 65 ქვეყანას შორის ჩემპიონის წოდება მიიღო“
„არსებობს მსოფლიო პროგრამა: „პარლამენტის ღია მმართველობა“, სადაც ჩვენმა პარლამენტმა ოქტომბერში მექსიკაში გამართულ დიდ ფორუმზე 65 ქვეყანას შორის ჩემპიონის წოდება მიიღო“,-აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ გააკეთა.
დეპუტატის განმარტებით, პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მოახერხა და რამდენიმე თვეში „პარლამენტის ღიაობის სამოქმედო გეგმა“ მიიღო, რასაც მაღალი საერთაშორისო შეფასება მოჰყვა. თებერვალში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომლის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი იყო, მე კი მოადგილე. ქალბატონი თინას პარლამენტიდან წასვლის შემდეგ მე გავხდი თავმჯდომარე. ჩვენ მოვახერხეთ, ინტერფრაქციულ ჯგუფში, სადაც ყველა ფრაქციის წარმომადგენელია, რამდენიმე თვეში მიგვეღო ძალიან მნიშვნელოვანი „პარლამენტის ღიაობის სამოქმედო გეგმა“ , რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი იმისთვის, რომ პარლამენტი, მართლაც, სახალხო წარმომადგენლობა იყოს.