მამაკაცი, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურორს მანქანა დააჯახა, ცხინვალში დააკავეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. გენერალურ პროკურორს მერაბ ჩიგოევს ავტომანქანა დააჯახა. შეჯახების შედეგად ჩიგოევი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. „დაკავებულია მამაკაცი, გვარად თედეევი, 1982 წელს დაბადებული, რომელმაც სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა“, – ნათქვამია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებუყლ განცხადებაში.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ინციდენტი შაბათს, სტალინის და ალან ჯიოევის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ე.წ. გენერალური პროკურორი თავის მანქანას უახლოვდებოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ნასვამი იყო. ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილის ქორწილიდან მოდიოდა. თედეევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ მოგვიანებით ის დააკავეს.