პანკისიდან დაბრუნებული თინა ხიდაშელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად პანკისში იმყოფებოდა, ხეობაში გამართული შეხვედრების შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“პანკისიდან დავბრუნდით. ემოციები ჭარბობს. ბუნების შექმნილი სილამაზე, კაცის შექმნილი ადათ-წესები, წარმოუდგენელი ტაქტი და ზრდილობა, ახალი მეჩეთი, ძველი მეჩეთი, ერთ ოთახში მოფუსფუსე შავ-თავსაფრიანი და ჯინსებში გამოწყობილი გოგონები, ულამაზეს დიდი მწვანე თვალებიანი ბავშვები, ჩეჩნური ცეკვა და ვაჟა-ფშველა … ბევრი შემიძლია დავწერო კიდევ, მაგრამ ვფიქრობ ემოციაც და მისი მიზეზიც გასაგებია.

ბევრნი ჩავედით. გვინდოდა ყურადღების, ზრუნვის, დახმარების, ხელის გაწოდების, მხარში ამოდგომის სრულფასოვანი დემონსტრირება. მარტო ჩავედით მინისტრები, მოადგილეები, ჯარში განათლებაზე პასუხისმგებელი სამხედრო მოსამსახურეები – დაცვის, ჩვენს მიერ ჩაყვანილი ტაშისმკვრელებისა და ადგილზე მობილიზებული მეხოტბეების გარეშე.

პრობლემებზე, ხეობის სატკივარზე გვინდოდა საუბარი, ღიად, დაუფარავად, ბარიერებისა და შუამავლების გარეშე. იდეა რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის სამინისტროში პანკისელ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს დაიბადა. თავისი თანასოფლელების პრობლემებზე გვიყვებოდნენ – თქვენთან ვილაპარაკოთ თუ სურვილი არსებობს ღია და გულწრფელი საუბრისთქო და ერთ კვირაში იდეას ხორცი შევასხით.

პანკისელებს შევპირდით რომ 2-3 კვირაში დავბრუნდებით უკან, პასუხებით მათ მიერ დასმულ კითხვებსა და პრობლემებზე. ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი და თუ მართლა გვაწუხებს, მართლა გვინდა დახმარება აუცილებლად შევძლებთ.

ცოცხალ ადამიანს ყველაფერი შეუძლია და პირველ რიგში კი ის რომ ყურადღება, დახმარების სურვილი, შესაძლებლის მაქსიმუმის კეთების დემონტრირებას ახდენდეს მუდამ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. ვემსახურები საქართველოს“, – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები