ეკა ბესელია პრეზიდენტზე: უმჯობესია, არგუმენტებს გაეცნოს!

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტს ურჩევს, იმ არგუმენტებს გაეცნოს, რაზეც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებები 2020 წლისთვის კი არა, არამედ 2016 წელს უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მუდმივი ცვლილებების პროცესში ყოფნა არასტაბილურობას შექმნის.
“ამ დროისთვის იმდენი არგუმენტი ითქვა და იმდენზე იყო ეს პოლიტიკური შეთანხმება ახსნილი, რომ არა მგონია, რაიმე გაუგებარი იყოს. პრეზიდენტი უმჯობესია, ამ არგუმენტებს გაეცნოს. საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მუდმივი ცვლილებების პროცესში ყოფნა არასტაბილურობას შექმნის. პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია ის ცვლილებები, რასაც მან ხელი მოაწერა და, შესაბამისად, სურვილებით გაკეთებული განცხადებები არ ქმნის სერიოზულ პოლიტიკურ ფონს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ხელმოწერის მიუხედავად, “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებები “არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ”, – ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საზოგადოებას რამდენიმე გარემოება განუმარტა.
“დღეს მე ხელი მოვაწერე “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება: პირველი – ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები