პრეზიდენტი საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას მედიიდან ღებულობს

აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მედიასაშუალებებიდან გებულობს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მას მედიიდან აქვს.
„ეს ინფორმაცია ჩვენ – ყველას გვაქვს მედიიდან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, უჭერს თუ არა მხარს გიორგი მარგველაშვილი დავით ზალკალიანის კანდიდატურას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი საკადრო ცვლილებებს უახლოეს მომავალში განახორციელებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოსტს რამდენიმე მინისტრი ვერ შეინარჩუნებს. ამასთან, თავად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი გუნდის წევრების მუშაობას გარკვეული პერიოდის მანძილზე დააკვირდება. რაც შეეხება დავით ზალკალიანს, რომელმაც მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2014 წელს დატოვა, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მისი კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზეა წარდგენილი. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მისი წარდგენის საფუძველზე, გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები