პრეზიდენტმა “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებებით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება – ხდება ცალკეული ოლქების გაერთიანება, ხოლო ცალკეული ოლქების – დაყოფა. კერძოდ, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება.
ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ცვლილებებით, ერთად, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიას და ცაგერს. იცვლება ყველა სხვა დანარჩენი მაჟორიტარული ოლქის საზღვარი. თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი მხოლოდ საგარეჯოში, გურჯაანში, ხაშურში, საჩხერში, ჭიათურაში, წყალტუბოსა და სამტრედიაში იქნება. “საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული ორი კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა. მეორე ცვლილება კი, მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს.