პოლიტპატიმრები მათი საქმეების გადახედვას და სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ

პოლიტპატიმრები პროკურატურას მათი საქმეების ხელახლა გადახედვას და, გამოძიებასთან ერთად, სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ.
როგორც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტპატიმრების დისკრედიტაციას ეწევიან და საუბრობენ, თითქოს პოლიტპატიმართა სიაში კრიმინალებიც არიან.
წითელაშვილის თქმით, აუცილებელია საქმეების ხელახლა გამოძიება და პოლიტპატიმრების დაკითხვა მოხდეს, რათა ამით გამოიკვეთონ ის ადამიანები, თუ ვინმე ფულით არის მოხვედრილი აღნიშნულ სიაში, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები შეწყდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პოლიტპატიმრების დისკრედიტაციას ცდილობენ და საუბრობენ, თითქოს, პოლიტპატიმართა სიაში კრიმინალებიც არიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიტპატიმრების დაკითხვას და მათი საქმეების გადახედვას ითხოვენ, რომ მოხდეს იმ ადამიანების ლუსტრაცია, რომლებმაც გადაიხადეს თანხები და თანხების მეშვეობით დატოვეს საპყრობილეები. მინდა მივმართო ირაკლი შოთაძეს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ჩვენი დაკითხვა, გადაიხედოს ჩვენი საქმეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას იმ პოლიტიკურ სპეკულაციას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან.
4 დღის წინ პროკურატურაში შევიტანე განცხადება, ჩემს საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარვადგინე და დავასახელე კონკრეტული პირების გვარები და სახელები, ვინც ჩვენი საქმის შეთითხვნაში, ჩვენს გატაცებასა და უკანონო პატიმრობაში მონაწილეობა მიიღო. გარდა საქმეების გამოძიებისა, აუცილებელია ჩვენი სრული რეაბილიტაცია მოხდეს, დაგვიბრუნდეს ჩვენი ქონება და აღგვადგინონ ჩვენს სამსახურებში. 2013 წლის იანვარში 190-მა პოლიტპატიმარმა დატოვა სხვადასხვა საპყრობილე, არ გამოვრიცხავ, მათგან რომელიმე ყოფილიყო ფულის სანაცვლოდ გამოშვებული, მაგრამ სწორედ ამისათვის აუცილებელია, საქმეები გადაიხედოს და დაგვკითხონ“, – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები