ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ დაღესტანში დაკავებული ქართველების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე დაღესტანში საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, სამი მოქალაქის გადმოცემასთან დაკავშირებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კომუნიკაცია შედგა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი კონტაქტი დამყარებულიყო. საწყის ეტაპზე შედგა კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს შორის. შემდგომ სხვა უწყებების დაკონტაქტება გახდა საჭირო და ეს მუშაობა უკვე მიმდინარეობს”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 3 პირი დაღესტანში იპოვეს. ინფორმაცია “კვირას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან, თუმცა გამგებლისთვის დაკავების მიზეზი უცნობია.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაკარგული მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაკარგული 3 ადამიანის პოვნას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორიდან კაბლის ხევის ტერიტორიაზე სანადიროდ 4 მონადირე 28 დეკემბერს წავიდა. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო მათ ერთმანეთი დაკარგეს. გამოღწევა მხოლოდ ერთმა მამაკაცმა შეძლო, სამს კი ამ დრომდე ეძებდნენ. ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფიც ჩაერთო. დაკარგულებს საკუთარი ძალებით თანასოფლელებიც ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები