კახა კალაძემ უამინდობისას შექმნილ პრობლემებზე და მათ აღმოფხვრაზე ისაუბრა

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, რამდენიმე ათეული აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ამ დრომდე დასავლეთ საქართველოს 80 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„გარკვეული პრობლემები იყო დიდთოვლობის გამო, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, გვქონდა ხარვეზები, ეს იყო აჭარის რეგიონი, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე სრულიად აღმოფხვრილია.
ბოლო ინფორმაციით, გვრჩება მხოლოდ და მხოლოდ 80 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე, ეს არის ცაგერის რაიონის სოფლები. იქაც არის გარკვეული პრობლემები გზასთან დაკავშირებით. გზა პრაქტიკულად წაიღო დიდთოვლობამ. დღესაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. როგორც კი იქნება შესაძლებელი შესვლა სოფელში, ჩვენ ამ 80 აბონენტს აუცილებლად გავანულებთ. ასევე, ამბროლაურშია დარჩენილი 12 აბონენტი. ამ მომენტისთვის სხვა პრობლემები არ გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, როგორც კალაძემ აღნიშნა, გარკვეული შეფერხებები იყო ასევე კავკასიონის მაღალი ძაბვის გადამცემზე, თუმცა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.
„ამ მომენტისთვის, სხვა პრობლემები არ გვაქვს. გვქონდა გარკვეული შეფერხებები მაღალ ძაბვაზე კავკასიონზე, საიდანაც ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, თუმცა, ეს პრობლემა დღეს უკვე მოგვარებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრმა კომპანია „ენერგო-პროს“ თანამშრომლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო „ენერგო-პროს“ ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში, მართლაც, თავდაუზოგავად შრომობდა და, მართლაც, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა ელექტოენერგიის მიწოდებას აბონენტებისთვის და დღეს უკვე, ფაქტობრივად, ეს პრობლემა მოხსნილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები