სარჩელი მერიის წინააღმდეგ

  ინდმეწარმე თამაზ ქართველიშვილი თბილისის მერიას უჩივის. საქალაქო სასამართლოში თბილისის მთავრობის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადება უკვე შევიდა. თამაზ ქართველიშვილის ადვოკატი ბექა ბადრიშვილი სარჩელში 2014 წლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებისა და თბილისის მერიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. როგორც „კვირას“ თამაზ ქართველიშვილმა განუცხადა, მან 2009 წელს ვარკეთილის დასახლებაში, ჯავახეთის ქუჩა N 66 -ში მიწის ნაკვეთი შეიძინა და ავტოსერვისი გახსნა. მაშინ, მან შეძენილ 137 კვ.მ. ფართობის ტერიტორიზე 35 ათას აშშ დოლარი გადაიხადა. 2009 წელს ავტოსერვისის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული, სადაც ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, თბილისის მერიამ ბავშვებისთვის გასართობი სკვერი მოაწყო. 2014 წლის 25 თებერვალს, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯავახეთის ქუჩა N 66 -ის მიმდებარე ტერირორია, 6822 კვ.მ. ფართობით, აუქციონზე გამოიტანა და გაასხვისა. ინდმეწარმის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ეს ტერიტორია აუქციონზე რამდენჯერმე გაიტანა. აუქციონის თავდაპირველი ფასი ერთი წლის წინ 845 ათასი ლარი იყო. თუმცა, წელს გასაყიდი ფასი თითქმის განახევრდა და 4 29 ათასი ლარმდე შემცირდა. წელს, 25 თებერვალს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის 6822 კვ.მ. ფართობის მეპატრონე ილია მარიდაშვილი აღმოჩნდა. მან მერიის მიერ გასხვისებულ უძრავ ქონებაში 430 ათასი ლარი გადაიხადა. თამაზ ქართველიშვილის ინფორმაციით, ილია მარიდაშვილს ამ დრომდე 85 ათასი ლარი აქვს გადახდილი. თამაზ ქართველიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ილია მარიდაშვილს ხელშეკრულება იმავე დღეს გაუფორმა. თამაზ ქართველიშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი კუთვნილი ავტოსერვისის მიმდებარე ქუჩა და ფეხსავალი გზა მთლიანად ჩაიკეტა, რითაც დღეს თავს დაზარალებულად მიიჩნევს. იგი, ამავდროულად, არ გამორიცხავს, რომ ილია მარიდაშვილმა აღნიშნულ ტერირორიაზე მშენებლობაც წამოიწყოს და, შესაბამისად, მას საკუთარ ბიზნესსაქმიანობაში ხელი შეეშალოს. ინდმეწარმემ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამის გამო, ინდმეწარმის ადვოკატმა კლიენტის უფლება შემდეგი არგუმენტებით ჩამოაყალიბა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
„გასხვისებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოქცეულია ტროტუარი, საჯარო სარგებლობის ობიექტები – გზები და ასევე სკვერი, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისთვის გადაცემულ განუსხვისებელ ობიექტს, რაც, თავის მხრივ, წარმოქმნის იმ მოცემულობას, რომ ასეთი სახით მიწის ნაკვეთების მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში, მასზევე საკუთრების უფლებით გადაცემული უნდა აღმოჩნდეს საერთო საზოგადოების სარგებლობის და განუსხვისებელი ობიექტები. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების საფუძველზე ილია მარიდაშვილს საკუთრებაში გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად ნაკლიანი ქონება, რითაც, როგორც მის მიმართ, ასევე მოსარჩელე პირის მიმართ დაირღვა უნაკლო ნივთის გადაცემის როგორც კანონისმიერი, ისე სახელშეკრულებო ვალდებულება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა არა მხოლოდ მოსარჩელეს ულახავს უფლებებს, არამედ გამოიწვევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესის არსებით შელახვას, რადგან მოცემულ შემთხვევაში განკარგვას დაექვემდებარა განუსხვისებელი ქონება, რაც იმთავითვე წარმოქმნის თბილისის მთავრობასა და ილია მარიდაშვილს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს“, – ნათქვამია სასარჩელო განცხადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ ისანი-სამგორის რაიონის გამგებელს თემურ გრიგალაშვილს დაუკავშირდა. თუმცა, მისი ტელეფონი მომსახურების არედან გასული იყო. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

1074982_722404754448687_1027749682_n 1484921_722404597782036_1884899268_n 10149333_722404651115364_541300161_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები