საქართველოსა და ლატვიას შორის განათლების სფეროში შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დინა დრუვიეტმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მზადყოფნა გამოთქვეს, ითანამშრომლონ ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ საკითხებს: სასწავლო დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის დამყარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დანერგვას, თანამშრომლობას და ბილინგვური განათლების ინფორმაციის გაცვლას, პროფესიული კვალიფიკაციის ჩარჩოს, პროფესიული სტანდარტებისა და შრომის ბაზრის კვლევის საკითხებში, განათლების სტრატეგიულ და ორგანიზაციულ საკითხებში ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილებისა და სასწავლო მასალების გაცვლის ხელშეწყობას, სასწავლო სტიპენდიების გაცემას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ერთობლივ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მიღების მიზნით, პარტნიორობის შენარჩუნებას გაეროს განათლებისა და მეცნიერების პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში, განათლების რეფორმის ფარგლებში, ინოვაციებისა (ინსტიტუციონალური და პროგრამული აკრედიტაცია, ხარისხის უზრუნველყოფა) და აქტივობების დანერგვის პროცესში თანამშრომლობას.
ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და მეცნიერების მიმათულებით ტრენინგების, საერთაშორისო კონფერენციებისა და ვორქშოფების ორგანიზების საკითხებში, განავითარებენ ასევე თანამშრომლობას ჰუმანიტარულ სფეროში, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ სოციოლოგიურ კვლევებში, ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერების გაცვლის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის შეთანხმებების გაფორმებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები