ბიძინა ივანიშვილი: ირინა ენუქიძის დაჯილდოება როგორც გაკეთდა, სპექტაკლის ნაწილი იყო
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ იმ რეჟიმს, რომელმაც სანდრო გვირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე “დასაჯა”, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სურვილი აუსრულა. ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტმა გირგვლიანის საქმეს გრიფი “საიდუმლო” არ მოხსნა. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემაში “2030” ისაუბრა.
ექსპრემიერმა ირინა ენუქიძის დაჯილდოების მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ ის, რაც მოხდა, სპექტაკლის ნაწილი იყო.
“ირინა ენუქიძე ყველანაირ დაჯილდოებას იმსახურებს, თუმცა ის რა დროშიც გაკეთდა და როგორც გაკეთდა, სპექტაკლის ნაწილი იყო”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
“მარგველაშვილმა არ მოხსნა გრიფი “საიდუმლო” სააკაშვილის გამოძიებას და პროკურატურას სამჯერ უთხრა უარი გრიფის მოხსნაზე. გარდა ამისა, პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, რომელზეც ოცნებობდა სააკაშვილი, რომ არ დარჩენილიყო ცარიელი, აუსრულა სურვილი და ახლა ეს კაცი გამოდის და იმ სისტემას, ვინც გირგვლიანი მოკლა და დასაჯა ქალბატონი ენუქიძე, ეს იყო სააკაშვილი და ის რეჟიმი, იმ რეჟიმთან დამოკიდებულებაში ნახეთ პრეზიდენტის პოზიცია და ის გუნდიც, ვინც პრეზიდენტის ამ პოზიციას მხარს უჭერს, ნახეთ როგორ ეთამაშებოდა “ნაციონალებს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ მიმდინარეობს ბრძოლა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოსაპოვებლად და აქ მთავრობის ინტერესები არ იკვეთება.
“ახლა უნდათ “ქართულ ოცნებას” მიაწერონ, თითქოს მას აქვს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის სურვილი, თუმცა კარგად იკვეთება გამონათქვამებში, რომ “ქართული ოცნების” წევრები საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ. ზოგიერთი აჭარბებს და ერევა სასამართლოს უფლებებში, უფრო მეტი ნაწილი ახსენებს საზოგადოებას, რომ ეს არ არის მათი უფლება და რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. რაღაც ნაწილი მხოლოდ კრიტიკასაც ახერხებს, რომ მურუსიძე დაინიშნა, თუმცა იქვე მიანიშნებენ, რომ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი. აი აქ ვარ მეც. არაფერი კატასტროფა არ მომხდარა რეალურად. მურუსიძე 3 წელიწადია მდივანი სასამართლოსი და არაფერი კატასტროფა არ გვინახავს. თუმცა გირგვლიანთან ასოცირება, ყველაზე მძიმე თემა საქართველოს ისტორიაში და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ისტორიაში, რა თქმა უნდა ლამაზი არ არის და ამის გარეშე სჯობდა რომ ყოფილიყო. მაგრამ მივანიშნებ, რომ სასამართლოს გადასაწყვეტია და იმ გუნდმა, რომელსაც წარმოადგენს დღეს სასამართლო, უნდა გადაწყვიტოს შიგნით და არა გარედან. მე ან მთავრობის ნებისმიერმა წევრმა გარედან ვუკარნახიოთ – ეს არის დაუშვებელი”, – განაცხადა ივანიშვილმა.