კვირიკაშვილი ბარამიძეს პასუხობს: ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც პრემიერ-მინისტრების მხრიდან სიძულვილის პოლიტიკას ეხებოდა, განაცხადა, რომ დღევანდელ მთავრობას მარტივი მემკვიდრეობა არ ჰქონია და სწორედ ამ მემკვიდრეობას მოჰყვა რეაქციები საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების პოლიტიზაცია უნდა შემცირდეს.
“საერთოდ, პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც ალბათ ფიზიკის კანონები მოქმედებს. ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობას, ბუნებრივია, მოჰყვა ბუნებრივი რეაქციები როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ვფიქრობ, ჩვენ მივედით განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ, გვქონდეს სტაბილურობის შეგრძნება და საზოგადოებაში პოლიტიზაცია შევამციროთ. მე გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, ნამდვილად ვიქეცით ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილად. მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ – ყველანი ვართ გლადიატორები, რომლებსაც ყოველ საღამოს ტელევიზიით გვიყურებენ ჩვენი თანამოქალაქეები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა დასრულდეს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე პერიოდი, 2007 წლიდან მოყოლებული, 5 წელი იყო.
“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მემკვიდრეობა იყო მხოლოდ უარყოფითი, იყო დადებითიც, მაგრამ, 2007 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით მძიმე 5 წელი გავიარეთ”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები