პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს ახალი სამთავრობო პროგრამა წარუდგინა (ვიდეო)
მინდა, გთხოვოთ მანდატი, მოგვეცეს საშუალება, ვემსახუროთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრებს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელზეც ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, კერძო სექტორზე მაქსიმალური ორიენტაცია, სტრატეგიული სექტორების განვითარება, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული განათლება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სტაბილური განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა, კანონის უზენაესობისა და მართლწესრიგის განმტკიცება, ღია და ეფექტიანი მმართველობა და შერიგების პროცესის დინამიურობა, – ასეთია ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხალხის მიერ 2012 წელს დაქირავებულმა მთავრობამ სამი წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა იმის დემონსტრირებისთვის, როგორ შეიძლება, მთავრობამ უსმინოს მოსახლეობის პრობლემებს.
„ჩვენ გადავჭერით არაერთი პრობლემა, მივეცით ჯანმრთელობის დაცვის უფლება ყველა ჩვენს თანამოქალაქეს; სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას – დაემუშავებინათ საკუთრებაში არსებული მიწა და მოეპოვებინათ სარჩო-საბადებელი; მივეცით საშუალება ბავშვებს, ტრანსპორტით ემგზავრათ სკოლამდე. მთავრობა დღეს უსმენს თავის თანამოქალაქეებს. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში და მოწოდებული ვართ, ამ გზას მივყვეთ მომავალშიც”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მინისტრთა კაბინეტის მთავარი ქვაკუთხედი იქნება ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს პრიორიტეტი აისახება სახელმწიფო სამოქმედო გეგმებში და ყველა სტრატეგია, რომელიც დარგობრივ ჭრილში დაიწერება, ამ ქვაკუთხედის ირგვლივ აიგება.
„მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება მეწარმეობის, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით, პროგრამას – „აწარმოე საქართველოში”, რომელიც ჩემი კოლეგის და მეგობრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო, 120-მდე ბენეფიციარი ჰყავს – შეიქმნა ახალი საწარმოები, გაფართოვდა არსებული, სოფლის მეურნეობის კუთხით, სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე ჩადებული ინვესტიციით, მილიარდ ლარამდე ეფექტი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია წვრილ და საშუალო საწარმოებში”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელთან ერთადაც ჰქონდა საშუალება, ემსახურა მოსახლეობის ინტერესებისთვის.
ახალი სამთავრობო გეგმით, პროგრამას – „აწარმოე საქართველოში” დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმების შექმნა დაემატება. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, ეს იქნება ახალგაზრდა თაობაზე, ინიციატივიან ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ინოვაციურ ახალ იდეებს. ამ მიმართულებით გამოყენებული იქნება მსოფლიოში აპრობირებული საუკეთესო გამოცდილება.
პროგრამა საწყის ეტაპზე იფუნქციონირებს „საპარტნიორო ფონდის” ფარგლებში და ახალგაზრდებს, რომლებიც პოტენციურ საბანკო მსესხებლებად ვერ კვალიფიცირდებიან, მიეცემათ საშუალება, მიიღონ სესხი უზრუნველყოფის გარეშე და წამოიწყონ ბიზნესი ისე, რომ არ გახდნენ დაქირავებული თანამშრომლები. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იქნება რევოლუციური ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მთავრობის კიდევ ერთ პრიორიტეტად კერძო სექტორზე მაქსიმალური ორიენტაცია დაასახელა, რათა ბიზნესს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა გაუმარტივდეს.
„შევქმნით ერთიანი მომსახურების ფრონტს, რათა კერძო სექტორმა საჯარო სექტორიდან მისაღები მომსახურება ერთ ადგილას, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიიღოს. ეს გაამარტივებს ბიზნესის კეთებას საქართველოში, მოიტანს თბილისის ცენტრის განტვირთვას, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას და ა.შ. ჩვენ, როგორც ხალხისგან დაქირავებულმა ხელისუფლებამ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოსახლეობას გავუმარტივოთ ბიზნესში ჩართვა, რათა გავხდეთ ეფექტური და ოპტიმიზებული მთავრობა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობა ასევე დიდ ყურადღებას დაუთმობს სტრატეგიული სექტორების განვითარებას, მათ შორის ტურიზმს და სერვისის სექტორს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, არცერთი სხვა ინდუსტრია დროის მოკლე მანძილზე არ ქმნის იმდენ სამუშაო ადგილს, როგორც ტურიზმი.
მსოფლიო ბანკის დახმარებით დაწერილი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემდეგ, მთავრობა საუკეთესო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიებს მოიწვევს და გამოიყენებს საუკეთესო გამოცდილებას, რათა ამ ინდუსტრიის განვითარება დროის მოკლე მონაკვეთში გახდეს შესაძლებელი.
საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, სახელმწიფო ფინანსური რესურსის დახარჯვასთან ერთად, მთავრობა ტურიზმის განვითარებაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვასაც გეგმავს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ტურისტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს და ასევე, შექმნის დაფინანსების მექანიზმებს.
ახალი მთავრობის ყურადღების ცენტრში ასევე იქნება ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი და კავშირგაბმულობა; გაგრძელდება ინფრასტრუქტურის განვითარება, შეიქმნება ინფრასტრუქტურული პორტფელი და გამოყენებული იქნება კერძო სექტორის ჩართულობის პოტენციალი.
„ჩვენ წამოვიწყეთ სახელმწიფო სივრცითი დაგეგმარების პროექტი და უახლოეს მომავალში გაფორმდება კონტრაქტი მსოფლიო მასშტაბის საუკეთესო კომპანიასთან, რომელიც საქართველოს სივრცითი განვითარების გეგმას შეადგენს და გვექნება ქვეყნის გეგმაზომიერი განვითარება. ჩვენი ზრუნვის საგანი იქნება გარემოს დაცვა და სუფთა ეკოლოგიური საცხოვრებელი პირობების შექმნა, რადგან არ არსებობს ეკონომიკის განვითარება გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გარეშე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
მთავრობის კიდევ ერთი უმთავრესი სტრატეგიული მიმართულება განათლების სფეროა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის მთლიანად აიგება მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების ირგვლივ. მთავრობის მეთაურობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების ტენდენციებზე ორიენტირებული სისტემა უნდა შეიქმნას.
„დინამიკური განათლების სისტემის შექმნით თავიდან ავიცილებთ ახალგაზრდების დაუსაქმებლობას, ვინაიდან ყველა პროგრამა ორიენტირებული იქნება ქვეყანაში არსებულ მოთხოვნებზე. ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავრთავთ კერძო სექტორს იმ პირობით, რომ განათლება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოქალაქისთვის. გამოვიყენებთ საჯარო კერძო პარტნიორობის მოდელებს”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მთავრობის მეთაურობის კანდიდატის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპას ინსტიტუციურად, კანონმდებლობით და გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი.
გიორგი კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით განხორციელების შესახებ ევროკომისიის დადებითი ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ თავისუფლად იმოგზაუროს ევროპაში. მისი თქმით, ეს ასევე საშუალებას მისცემს ბიზნესმენებს, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, საქართველოს ასევე კარგი მაჩვენებლები აქვს ნატოსთან სამხედრო თავსებადობის კუთხით და, ამავდროულად, პრიორიტეტად რჩება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა.
მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად გიორგი კვირიკაშვილმა სტაბილური განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა დაასახელა.
„ამიტომ, გავაგრძელებთ პრაგმატულ, მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, რათა ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, რათა მოქალაქეებს მივცეთ მშვიდი ცხოვრების საშუალება. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა გამოყენებული იყოს მთავარი ფორმატის – ჟენევის დისკუსიების შესაძლებლობები და გავაგრძელებთ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას შეიქმნა და ამ ფორმატის წარმატებას ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღნიშნავს. ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც, ამავე დროს, არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის პრიორიტეტებად ასევე რჩება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის დამკვიდრება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, უნდა დამკვიდრდეს კანონის წინაშე თანასწორობა და ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მთავრობის, პარლამენტის წევრებს და მათი ოჯახების წარმომადგენლებს.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი და მოვახდინოთ დემონსტრაცია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ღია და ეფექტიანი მმართველობის განმტკიცება. მთავრობის მეთაურობის კანდიდატი პარლამენტთან, საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურის დამკვიდრებას გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობით.
„კიდევ უფრო გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომ დავამკვიდროთ გამჭვირვალე მმართველობის კულტურა, დემოკრატიული საარჩევნო და კონკურენტული გარემო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ აჩვენოს პროგრესი ამ მიმართულებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
მთავრობა ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შერიგების პროცესს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველა სიკეთე, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში, ხელმისაწვდომი იქნება აფხაზი და ოსი თანამოძმეებისთვის.
„ძლიერია ჩვენი მოწოდება, შევქმნათ მეტი დინამიზმი, არ უნდა შეგვეშინდეს უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით და პაატა ზაქარეიშვილს აქვს ძალიან კარგი იდეები. შეგვიძლია, შევიკრიბოთ და განვიხილოთ ეს იდეები. დრო გვაშორებს სანუკვარ მიზანს, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. დრო მოქმედებს სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მომავალი თაობების შერიგების წინააღმდეგ. ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ, ხელისუფლებას გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დავასრულოთ შერიგების პროცესი და ჩვენ მოწოდებული ვართ, გადავდგათ ასეთი ნაბიჯები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.