“ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი და მოვახდინოთ დემონსტრაცია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია”
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის პრიორიტეტებად: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის დამკვიდრება რჩება.
კვირიკაშვილის შეფასებით, უნდა დამკვიდრდეს კანონის წინაშე თანასწორობა, რა მხრივაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მთავრობის, პარლამენტის წევრებს და მათი ოჯახების წარმომადგენლებს.
“ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი და მოვახდინოთ დემონსტრაცია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
კვირიკაშვილი თვლის, რომ პარლამენტთან, საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურა უნდა დამკვიდრდეს. მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობით.
“კიდევ უფრო გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომ დავამკვიდროთ გამჭვირვალე მმართველობის კულტურა, დემოკრატიული საარჩევნო და კონკურენტული გარემო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ აჩვენოს პროგრესი ამ მიმართულებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.