თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდის
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის ინციატივით გამოდის. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. კერძოდ, თიბილოვმა თავის ადმინისტრაციას დაავალა „სამხრეთ ოსეთის“ სახელწოდების შეცვლა „სამხრეთ ოსეთი-ალანიით“.
შესაბამისი ინიციატივით ლეონიდ თიბილოვი ე.წ. პარლამენტს მიმართავს.
„ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც ინგუშეთში „ალანის კარიბჭე“ ააშენეს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ოსები სკიფების და ალანების შთამომავლები არიან და ჩვენი ისტორიის მისაკუთრების უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა თიბილოვმა. მისი თქმით, დადგება ის ისტორიული მომენტი, როდესაც „ოსეთის ორი ნაწილი გაერთიანდება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა“.