ლომისის მონასტრის თავშესაფრის ბავშვები გათბობის გარეშე დარჩენენ

თბილისში, ლომისის მონასტრის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში 11 მცირეწლოვანი ბავშვი უკვე რამდენიმე დღეა სიცივეში იმყოფება. თავშესაფარი გაზის დავალიანების გამო გათბობის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ “კვირას” მონასტრის ბერმა, მამა პავლემ განუცხადა.
“კვირას” ინფორმაციით, ბავშვთა თავშესაფარს 1700 ლარის დავალიანება აქვს. თავშესაფარი, რომელიც “ყაზტრანსგაზის” აბონენტია, გადასახდის დაფარვას ვერ ახერხებს. როგორც კომპანია “ყაზტრანსგაზში” აცხადებენ, ის ფაქტი, რომ მცირეწლოვანი ბავშვები სიცივეში იმყოფებიან, ძალიან სამწუხაროა, თუმცა დავალიანების დაფარვის გარეშე თავშესაფარს გაზმომარაგება ვერ აღუდგება.
თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი მზად არიან, თავშესაფართან თანხის გადავადებაზე ან რაიმე სახის გეგმა-გრაფიკზე შეთანხმდნენ.
მონასტრის ბერის, მამა პავლეს თქმით, ამ საკითხზე თავშესაფარი საპატრიარქოსაც დაუკავშირდა. მისივე თქმით, მათ დახმარებას კომპანია “სოკარიც” დაჰპირდა. „სოკარში“ კი აცხადებენ, რომ თუ თავშესაფარი “ყაზტრანსგაზის” აბონენტია, მაშინ ეს მათი კომპეტენცია არ არის, მაგრამ რადგან კომპანია თავშესაფარს დახმარებას შეჰპირდა, ეს, ალბათ, ქველმოქმედების სახით მოხდება, რაც კონფიდენციალური იქნება.
საპატრიარქოს თავშესაფრის აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია უკვე მიღებული აქვს, თუმცა ვინ დაეხმარება  გაზის გარეშე დარჩენილ 11 მცირეწლოვან ბავშვს უცნობია.
მამა პავლე  რიგითი მოქალაქეებისგან დახმარებას ელის.
“ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი მსურველისგან მივიღოთ დახმარება, ჩვენ ქვითარიც გვაქვს და შეგვიძლია მივცეთ მას, ვინც დახმარების სურვილს გამოთქვამს”.
დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დახმარების აღმოჩენის მოლოდინშია, ამასობაში უკვე რამდენიმე დღეა 11 მცირეწლოვანი ბავშვი სიცივეში იმყოფება.

ნინო ბუხნიკაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები