პრეზიდენტი გიგი უგულავას შეწყალებაზე უარს ამბობს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალების მომართვაზე ხელმომწერი საზოგადოების წარმომადგენლებს პასუხობს. პრეზიდენტი არ იზიარებს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას და შესაბამის განმარტებას აკეთებს.
“პატივცემულო ხელმომწერებო, მივიღე თქვენ მიერ შედგენილი მიმართვა გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე.
ჩემთვის ფასეულია მოქალაქე, რომელიც საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. განსაკუთრებით ღირებულია თქვენი პოზიცია, იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები ბრძანდებით. გასაგებია თქვენი ემოცია პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიმართ. მსგავსი ემოცია ბევრჯერ გვქონია, ჩვენი მიმტევებლური ბუნებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.
შეწყალება კონსტიტუციური მოვალეობაა, რომელიც მაღალ მორალურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
ამ, არსით ჰუმანური აქტის განხორციელებისას, არ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რომელიმე მსჯავდებულს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩავაყენებ. ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი დანაშაულების მიმართ ზედმეტი ლოიალობის შეგრძნება.
აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებ თქვენს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას“,-აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა საქართველოს პრეზიდენტს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე წერილობით მიმართეს.
გიორგი მარგველაშვილის მიმართ გაგზავნილ წერილს ხელს აწერს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 60-მდე პირი, მათ შორის მომღერალი ნანი ბრეგვაძე, მწერალი ლაშა ბუღაძე, ჯურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები