ნოდარ ხადური: ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ბიუჯეტი ძალადობის გარეშე შეივსოს
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წელს საქართველო არის მე-16 ადგილზე 102 ქვეყანას შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით.
ხადურმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ შეძლო მნიშვნელოვანი სოციალური ვალდებულებების აღება და მათი შესრულება.
“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ბიუჯეტი ძალადობის გარეშე შეივსოს. ბიუჯეტი გახდა მეტად გამჭვირვალე. 2015 წელს საქართველო არის მე-16 ადგილზე 102 ქვეყანას შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი სოციალური ვალდებულებების აღება და შესრულება ისე, რომ ფისკალურ სტაბილურობას საფრთხე არ შევუქმენით”, – განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო დარჩება მეგობრული ბიზნესისისადმი და არა ბიზნესმენებისადმი.
“ფინანსთა სამინისტრო გახდება მეტად მეგობრული ბიზნესისადმი და არა ბიზნესმენებისადმი. ჩვენ ვიქნებით მეგობრული, ზოგადად, ბაზრისადმი. დავაწესებთ თამაშის ნათელ წესებს, ნაკლებ გამონაკლისებს, კონკურენტულ სუბსიდირებას, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიზნით შემოვიტანთ საკანონმდებლო ცვლილებებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ბიზნესისათვის”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.