თეა წულუკიანი: „პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები მზადდება

„პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები მზადდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.
„მზადდება ცვლილებები „პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის შესახებ“ კანონში, რათა პარტიათა რეგისტრაცია და ფუნქციონირება კიდევ უფრო გამჭვირვალე და მარტივი იყოს, და პარტიებს არ შეექმნათ არანაირი იმის მსგავსი პრობლემები, რომელთაც შეიძლება დღეს აწყდებოდნენ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამინისტროს 2016 წლის სხვა საკანონმდებლო გეგმაზეც ისაუბრა.
„დასრულდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. პაკეტი მოიცავს ყველა მიმართულებას: იუსტიციას (დოკუმენტებისა და ბავშვთა იდენტიფიკაციის ნაწილში შეგვაქვს მთელი რიგი ცვლილებებისა), ჯანდაცვას, სასამართლოსა და პოლიციას. ნაძალადევში, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში, 15 ასეთ ბავშვთან დამეგობრება და, შესაბამისად, მათი დახმარება მოვახერხეთ, თუმცა, ეს საკმარისი არაა და ამიტომ შემოვიტანთ ცვლილებათა პაკეტს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის უწყებთაშორისი საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა ე.წ. მოწამლული ხილის პრინციპის დანერგვაზე.
“სისხლის სამართლის უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა ე.წ. მოწამლული ხილის პრინციპის დანერგვაზე. ჩვენ ვმსჯელობთ, რა ხდება მაშინ, თუკი განსასჯელის სკამზე მყოფი ადამიანი სასამართლო დარბაზში ამბობს, რომ მისგან იძულებით (არასათანადო მოპყრობის გზით) მიიღეს ჩვენება. საკმარისია თუ არა, მოსამართლემ სთხოვოს პროკურატურას საკითხის შესწავლა, როგორც ახლა ხდება, თუ საჭიროა უფრო მეტი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც ძალოვან უწყებებში არასათანადო მოპყრობის დადანაშაულების გამოძიებას შეეხება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მზადდება და 2017 წელს პარლამენტს წარედგინება ინფორმაციის თავისუფლების აქტი. „მზადდება და 2017 წელს პარლამენტს წარედგინება ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელსაც უკვე გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოგვაწოდეს შენიშვნები“,-აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები