გიორგი მღებრიშვილი: ვგეგმავთ დნმ-ის ბანკის შექმნას
ვაყალიბებთ ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას, ვგეგმავთ დნმ-ის ბანკის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა განმარტა, აღნიშნული გზით საგამოძიებო შესაძლებლობები და დანაშაულის პრევენციის ფუნქცია გაძლიერდება.
“მე გამომძიებელი ვიყავი და კარგად მაქვს გააზრებული, რომ ეს ნოვაცია მნიშვნელოვნად წინგადადმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კრიმინალისტიკის არსებობის ისტორიაში“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, დაგეგმილია შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება და მისი საპოლიციო განათლების რეგიონულ ცენტრად გარდაქმნა.
“რა თქმა უნდა, რეფორმები ვერ იქნება შედეგიანი, თუ მუდმივად არ ვიზრუნეთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შსს-ს აკადემიაში დაინერგება ახალი პროგრამები და დისტანციური სწავლება. ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება ღონისძიებები, რომელთა მიზანია არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მაღალკვალიფიციური, დასავლურ ღირებულებებსა და სტანდარტებზე ორიენტირებული კადრები მიეწოდოს, რაც, თავის მხრივ, რეგიონული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.