გიორგი მღებრიშვილი: ჩვენი მიზანია, საზოგადოებას სჯეროდეს პოლიციის
მას შემდეგ, რაც დაწყებულ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ, შევძლებთ, საზოგადოების უსაფრთხოების უკეთ დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მღებრიშვილის თქმით, შსს-ს ერთ-ერთი მიზანია, საზოგადოებას სჯეროდეს პოლიციის.
“ჩვენ მიერ დასახული ამოცანების განხორციელების შედეგად, მას შემდეგ, რაც დაწყებულ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ, საქართველოს ეყოლება საზოგადოებაზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული პოლიცია, ეფექტური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ექნება საზღვრის მართვის ინტეგრირებული სისტემა და თანამედროვე სერვისები, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მართლწესრიგის და საზოგადოების უსაფრთხოების უკეთ დაცვას. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას სჯეროდეს პოლიციის, ენდობოდეს მას და ასევე თითოეული პოლიციელი გრძნობდეს მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა მღებრიშვილმა.