„ნარმანიას გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“
„თბილისის ბიუჯეტი არ არის იდეალური, მაგრამ ის არ არის ისეთი, რომლის წინააღმდეგაც უნდა მისცე ხმა. ეს ბიუჯეტი იმსახურებდა მხარდაჭერას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შენიშვნა, რომელიც პირველად წარმოდგენილი ბიუჯეტის მიმართ გვქონდა, მეორედ შემოტანილ ვარიანტში გათვალისწინებული იყო“, – აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ზურაბიშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტში გაზრდილია დაფინანსება სოციალური მიმართულებით, იქნება ეს სამედიცინო თუ სოციალური დახმარების კუთხით.
„ამ ბიუჯეტის პრობლემა არის ის, რომ მასში არ იგრძნობა ქალაქის პერსპექტიული განვითარების სტრატეგია, ეს სამომავლოდ უნდა იყოს გათვალისწინებული. რაც შეეხება მის დადებით მხარეებს, ბიუჯეტის პლუსია ის, რომ გაზრდილია დაფინანსება სოციალური მიმართულებით, იქნება ეს სამედიცინო თუ სოციალური დახმარების კუთხით. გაზრდილია კეთილმოწყობის და ეკოლოგიის ხარჯები, ამიტომაც, ვფიქრობ, ამ ბიუჯეტის მხარდაჭერა სწორი იყო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება მერიაში საკადრო ცვლილებებს, საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, ნარმანიას გადადგომის და წასვლის საკითხი ამ მომენტში დღის წესრიგში არ დგას.
„გასაგებია, რომ დავით ნარმანიას მიმართ იყო შენიშვნები, მაგრამ მისი გადადგომის და წასვლის საკითხი ამ მომენტში დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას. თბილისის მთავრობაში რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე გამოიცვალნენ ხელმძღვანელი პირები, მათ შორის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, არქიტექტურის სამსახურის უფროსი… ველოდებით, რომ ისინი ახალი შემართებით განაგრძობენ მუშაობას“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.