მანანა კობახიძე: ახალი პრემიერის მოსაზრებები მნიშვნელოვანი იქნება
საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილთან განსაკუთრებული კითხვები არ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა ის რეფორმა, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში განხორციელდა ან პროცესშია, მისი თანამონაწილეობით ხორციელდებოდა.
“გიორგი ჩვენი გუნდის წევრი იყო და არის. ყველა ის რეფორმა, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში განხორციელდა ან პროცესშია, მისი თანამონაწილეობით ხორციელდებოდა. ანუ რაიმე განსაკუთრებული კითხვები ჩვენ არ გვექნება.
რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმენთ მის ხედვას, როგორც უკვე პრემიერ-მინისტრს რა მიდგომები ექნება, რა სიახლეს შეიძლება, ველოდოთ. რაიმე არსებითი ცვლილება სამთავრობო პროგრამაში ვერ იქნება, ბიუჯეტიც დატკიცებულია, ანუ ძირითადი მიმართულებები, რის მიხედვითაც მთავრობამ უნდა იმუშაოს, პრაქტიკულად განსაზღრულია, მაგრამ ახალი პრემიერის მოსაზრებები მნიშვნელოვანი იქნება”, – აღნიშნა კობახიძემ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მთავრობა ჩვეული მონდომებით გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.
“ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ვფიქრობ, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა 2016 წელი სამთავრობო გუნდისთვის, ისევე, როგორც პარლამენტისთვის”, – განაცხადა დეპუტატმა.