გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მოგილოცოთ, ბაკურიანს შეემატა განახლებული კოხტა და საბაგირო (ფოტოკოლაჟი)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ბაკურიანში განახლებული კოხტა გახსნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, კოხტას მთაზე გაკეთდა ახალი საბაგირო შუალედური სადგურით. საბაგიროს მშენებლობა განახორციელა სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანა ავსტრიულმა კომპანიამ “ტოტელმაიერმა”.
საბაგირო ექვსკაციანი სავარძლის ტიპისაა, ტრასის საერთო სიგრძე კი 3 კმ და 100 მეტრია. კოხტას ტერიტორიაზე სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც განთავსდა სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების ვიზუალური მასალა. საბაგირო შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია მოირთო ფერადი ალმებითა და სპორტული დროშებით.
ბაკურიანში ჩატარდა საქართველოს თასის ეტაპი სამთო-სათხილამურო სპორტში, რომელშიც გამარჯვებულები გიორგი კვირიკაშვილმა დააჯილდოვა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო დღე, რადგან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კოხტას საბაგირო აღდგა.
“საბაგიროს სიგრძე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტრასა შეადგენს 3.1 კმ.-ს ეს პროექტი გაგრძელდება მიტარბის მხარეს. ეს არის საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. სახელმწიფომ 50 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა და მოაწყო ძირითადი ინსფრასტრუქტურა და გზები, ხოლო კერძო კომპანია “ჯიარდისი” აკეთებს სასტუმროებს, გასართობ ცენტრებს. ეს მოიზიდავს ახალ ტურისტებს. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბაკურიანის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი არის სასტუმრო ოთახების სიმცირე და ახალი სასტუმროს განთავსება ამ პრობლემის მოგვარებისთვის ბიძგის მიმცემი იქნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბაკურიანში ასევე მოეწყობა ბიატლონის ტრასა, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს და სამთო-სათხილამურო სხვა სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, ძალიან სასიხარულოა, რომ კოხტა გააგრძელებს ფუნქციონირებას.
“მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ბაკურიანს შეემატა განახლებული კოხტა და განახლებული საბაგირო, რომელმაც ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ბაკურიანს ასევე შეემატა ახალი ტრასები, ახალი საბაგირო უნიკალური შუალედური სადგურით და ეს გამოიწვევს ბაკურიანში ტურისტების რაოდენობის უნიკალურ ზრდას”, – განაცხადა ონოფრიშვილმა.
koxta2
koxta3
koxta5

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები