გიორგი მარგველაშვილი: აბა სცადოს ვინმემ და მართოს ალეკო ელისაშვილი

2014 წლის გაზაფხულზე, შევხვდი ალეკოს. მან დააფიქსირა პოზიცია, რომ მასზე ხდება ზეწოლა, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, ელისაშვილთან საუბარი ნამდვილად ჰქონდა და ის დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.
“მე პრინციპად მაქვს და აქამდე ვახერხებ, რომ იმას, რაც კაბინეტებში და ორ ადამიანს შორის ითქმევა, საზოგადოებაში დეტალურად არ ვიხილავ. რადგან საქმეა აღძრული და რაღაც პროცესი მიდის, შემიძლია მარტივად გითხრათ ის და დეტალებს არ ჩავუღრმავდები, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, შევხვდი ალეკოს. მან დააფიქსირა პოზიცია, რომ მასზე ხდება ზეწოლა. ჩემი პასუხი იყო მარტივი – ვუთხარი, რომ, თუ ვინმე შენზე ზეგავლენას შეეცდება, იმ წუთას გადმოამისამართე ჩემთან-თქო. ამით ეს თემა დავამთავრეთ. დანარჩენ დეტალებზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავავალე, რომ ამ საკითხისთვის მიეხედა. გიდასტურებთ, რომ შეწყალების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე და ჩემს მიერ სანდო ადამიანი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც ძალიან პატოსან ადამიანს, შემოვიდა, პრობლემა შემოიტანა და მე ეს პრობლემა გადავჭერი. ეს იყო 15-წუთიანი თემა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, მარგველაშვილი გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილის გააქტიურება და შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხის წამოწევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ არის ორკესტრირებული.
“ამ კითხვაზე არ ვაპირებდი რომ მეპასუხა, მაგრამ ვუპასუხებ იმდენად რამდენადაც, ალეკოს ღირსება აქვს შელახული, რადგან საუბარია, რომ ის შეიძლება მართო და ათამაშო ამ საქმეში. აბა, სცადოს ვინმემ და მართოს ალეკო ელისაშვილი – ის დამოუკიდებელი ადამიანია, დამოუკიდებლად გახდა დეპუტატი. ალეკო ელისაშვილი არის სინდისიერი ადამიანი. მისი ორკესტრატორი ძალიან ძნელად წარმომიდგენია ვინმე”, – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები