ე.წ. სამხრეთ ოსეთი – ქართული პასპორტების გაცემა წარმატებით არ დასრულდება
„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებზე „ზრუნვა“, რათა მათ ევროკავშირის საზღვარი უფრო კომფორტულად გადაკვეთონ, ძალზე ცინიკურად გამოიყურება და ის წარმატებით ვერ დასრულდება“, – ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობა ბიომეტრიული პასპორტების მიღებას გამარტივებული სქემით შეძლებენ, რათა შენგენის ზონის ქვეყნებში დაუბრკოლებლად იმგზავრონ.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს არ შეუძლია პატივისცემასა და კონსტრუქციულობაზე აგებული სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარება“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამ „უწყებაში“ ასევე ამბობენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მართლაც ექმნება სირთულეები ევროპის ქვეყნების ვიზების მიღებისას, მაგრამ ამ დისკრიმინაციულ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გამო აქვს ადგილი.