სააკაშვილის თქმით, ხატია დეკანოიძემ უკრაინის შსს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გადააყენა
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის უფროსმა მიხეილ სააკაშილმა ფეისბუქში დაწერა, რომ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გრიგორი მამკა თანამდებობიდან გადააყენა.
გამოცემა gordonua-ის ინფორმაციით, სააკაშვილმა დაწერა, რომ დეკანოიძე „მისი გუნდის წევრია“ და ის ორგანოებიდან შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ხალხს უშვებს. გუბერნატორის თქმით, მანამდე დეკანოძიემ თანამდებობებიდან გაათავისუფლა კიევის პოლიციის უფროსი ალექსანდრე ტერეშუკი და ნაციონალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვასილი პასკალი.
სააკაშვილი გრიგორი მამკას ახასიათებს როგორც „კორუფციული სისტემის დასაყრდენს და რეკეტში ყოფილი მილიციის ჩარევის სისტემის ნაწილს“. ოდესის გუბერნატორი ამბობს, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ ავაკოვს ამ პირის აღვირახსნილობის შეჩერება დაავალა, მაგრამ საგამოძიებო სამმართველოს უფროსს არავინ შეხებია.
სააკაშვილი ირწმუნება, რომ მამკა ხატია დეკანოიძემ გადააყენა, ვინაიდან მისი გუნდის წევრები „ასეთები არიან“. „დარწმუნებული ვარ, რომ დეკანოიძე პოლიციას საბოლოოდ გაწმენდს კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან. ჩემი გუნდის წევრები ასე არიან მოწყობილები – მათ საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ“ – წერს სააკაშვილი.